logo
ENG



Credit Suisse: ნებისმიერი ბრალდება "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა

11 მაი 202220:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/nb55oajf9yry7jq.jpg

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ბანკმა პირველი კომენტარი ფორმულასთან გააკეთა. 

"ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

საქმე 9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანიის, CISION-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს. 

სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა. 

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. 

ამასთან, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა Credis Suisse ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვა "კოორდინირებული ქმედებების" გამო შეაფერხა. 

ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.


close დახურვა